სამაუწყებლო ინდუსტრიაში მკაფიოდ არის გამოყოფილი სხვადასხვა კამერების ტიპი, იქნება ეს სტუდიური, სამხრე, კინო კამერები, PTZ კამერები, BOX ტიპის კამერები თუ სხვა. დღეს გვინდა ვისაუბროთ განსხვავებაზე სტუდიურ და სამხრე ჩამწერ კამერებს შორის. რა განსხვავებაა მათ შორის, რომელი უფრო ოპტიმალურია თქვენი პროდაქშენისთვის და დაგეხმარებით მიიღოთ ინფორმაცია სწორი არჩევნის გაკეთებისთვის.
კამერების კატეგორიებად დაყოფა პირველი თვითონ კამერების მწარმოებლებმა დაიწყეს. ისეთი კომპანიები როგორიცაა Sony და Panasonic ცნობილები არიან მრავალპროფილური კამერების წარმოებაში. Sony ყოფს კამერებს 5 ტიპად, სტუდიური და სამაუწყებლო კამერები, კინო კამერები, ჩამწერი კამერები, მოძრავი PTZ კამერები და მცირე ზომის საინსტალაციო კამერები. დაახლოებით ანალოგური გაყოფას ვხედავთ Panasonic ში. თუმცა სტუდიური ანუ სისტემური კამერა და ჩამწერი კამერა რომელიც იწერს თავის თავში იქნება ეს სამხრე თუ ხელის ყოველთვის გამოყოფილია ერთმანეთისგან.
სტუდიური კამერა გამოირჩევა მისი მოქნილობით და მოხერხებულობით. პირველ რიგში უნდა ავღნიშნიოთ რომ სტუდიური კამერის უმთავრესი როლი არის იმუშაოს პირდაპირ ეთერში. ის ყველა უპირატესობა რაც აქვს სტუდიურ კამერას ფაქტიურად ნულდება თუ გადასაღები კომპლექსი არ მაუწყებლობს პირდაპირ ეთერში. თუმცა რა უპირატესობებზეა აქ საუბარი? პირველ რიგში ეს არის მარტივი კაბელიზაცია. სტუდიური კამერა მუშაობს ერთ ცალ ოპტიკურ ჰიბრიდულ კაბელზე. ერთი კაბელი გვაძლევს საშუალებას, რომ მივაწოდოთ კამერას უწყვეტი კვება, მივიღოთ კამერისგან ვიდეოსიგნალი, გვქონდეს ორმხრივი სამსახურებრივი ინტერკომ-კავშირი ოპერატორთან, მივაწოდოთ სიგნალი სუფლიორს, სუფლიორის წინა ეკრანს და, ხშირ შემთხვევაში, მივაწოდოთ კვება სუფლიორის ეკრანს. გარდა ამისა, საშუალება გვაქვს, რომ ვაკონტროლოთ კამერის პარამეტრები, როგორიცაა კამერის ფერები, დიაფრაგმა და სხვა. ასევე შეგვიძლია, ერთ კამერაზე გასწორებული პარამეტრები გადავიტანოთ მეორე კამერაზე ღილაკზე დაჭერით, და ეს ყველაფერი გავაკეთოთ Live რეჟიმში. ეს ძალიან კომფორტულია ისეთი გადაღების დროს, სადაც განათება და სცენის ელემენტები იცვლება დინამიურად და ოპერატორს, რომელიც მიმართულია კამერის სწორ მიმართვაზე, ფოკუსის გასწორებაზე და სხვა პარამეტრებზე, აღარ უწევს ფერებზე და დიაფრაგმის დონეზე ფიქრი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ოპტიკური კაბელები მუშაობენ დიდ მანძილზე და კამერასა და სასერვეროს შორის შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული მეტრი, ან ადაპტერის შემთხვევაში 10 კილომეტრი ან მეტი. სტუდიური კამერა ერთდება სასერვეროში განთავსებულ კამერის სამართავ იუნიტზე, CCU-ზე (Camera Control Unit) და სწორედ მისგან იღებს როგორც ვიდეოსიგნალებს, ასევე კვებას. სიგნალის კომუტაციის თვალსაზრისითაც ეს ძალიან კომფორტულია, რადგან სასერვეროში, სადაც გაქვთ CCU, შეიძლება განთავსდეს ვიდეოკომუტატორი (ვიდეო სვიჩერი) და მოკლე კაბელებით მოხდეს ვიდეოსიგნალების გადაერთება.
ასევე უკვე არსებობს თანამედროვე, ST 2110-ის მხარდაჭერის მქონე კამერები, სადაც შესაძლებელია კამერიდან პირდაპირ ST 2110-ის მიღება და კამერის ლოკალურად დაკვება (ელექტროენერგიის მიწოდება). კამერის სამართავად გამოიყენება RCP (Remote Control Panel), რომელზეც განთავსებულია ყველა ის საჭირო ღილაკი, რაც ჭირდება ვიდეოინჟინერს კამერის სიგნალის პარამეტრების გასასწორებლად. არსებობს სხვადასხვა ტიპის RCP-პანელები: ზოგს აქვს მხოლოდ ეკრანი, ზოგი ეკრანის გარეშეა; ზოგი RCP-ს შეუძლია მართოს რამდენიმე კამერა, ან სრულიადაც RCP-ს პროგრამული ვერსია პლანშეტზე ან კომპიუტერზეა ჩაწერილი. თუმცა აზრი ყოველთვის ერთია – კამერის პარამეტრები იმართებოდეს Live რეჟიმში. ტრადიციულად ყველა კამერას აქვს თავისი RCP, რათა ინჟინერს გაუიოლდეს ინდივიდუალურად კამერაზე მუშაობა.
გარდა RCP-ისა, ასევე გამოიყენება MSU (Master Setup Unit). ეს მოწყობილობა გამოიყენება მაშინ, როდესაც გვინდა ერთი ქმედებით ყველა RCP-ის პარამეტრების რეგულირება. MSU არ არის სავალდებულო, მაგრამ ძალიან მოხერხებულია მრავალკამერიანი გადაღების დროს. გარდა ამისა, სტუდიურ კამერაზე, როგორც წესი, დაერთებულია დიდი ზომის ეკრანი, ე.წ. ViewFinder-ი, რომელშიც ოპერატორი კარგად ხედავს გამოსახულებას და ეკრანი იკვებება კამერიდან, შესაბამისად, არ საჭიროებს დამატებით დენის წყაროს ან დამატებით ვიდეოკაბელებს.
თუმცა არსებობს მინუსებიც: სტუდიური კამერების უდიდესი ნაწილი არ იწერს თავის თავში, ვერ იყენებს ჩამოთვლილ ფუნქციებს, თუ არ აქვს CCU და RCP, და, რა თქმა უნდა, ის შედარებით მაღალბიუჯეტურია, ვიდრე ე.წ. კამკორდერი.
თუ გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია სტუდიური კამერების უპირატესობებისა და მინუსების შესახებ, მოგვწერეთ ან დაელოდეთ ახალ პოსტებს ჩვენს სოციალურ მედიაში.